ძუძუმწოვრების ქვეოჯახი ვეშაპისნაირთა რიგისა. დელფინების
ქვეოჯახში 20 გვარია 48 სახეობით. შავ ზღვაში ცხოვრობს სამი სახეობა: აფალინა, თეთრგვერდა
დელფინები და ზღვის ღორი. ზოგი სახეობა კოსმოპოლიტია.
დელფინების სახეობათა უმრავლესობა ცხოვრობს ოკეანეთა თბილ წყლებში. სხეულის სიგრძე
1,2-3მ, ზოგი სახეობისა-10-მდე. წაგრძელებული დინგი ქმნის ე.წ,,ნისკარტს”, კბილების
რაოდენობა 70-ს აჭარბებს. უმრავლესობას აქვს ზურგის ფარფლი. ექოლოკაციის უნარი და მეტად
მახვილი სმენა დელფინებს წყალში ორიენტაციის საშუალებას აძლევს. აქვთ რთული ბგერითი
სიგნალიზაცია და ბგერათსასიგნალო ორგანო, რომელიც მოთავსებულია ერთადერთ ნესტოში. მასთან
არის დაკავშირებული კუნთოვანი სისტემით აღჭურვილი სამი წყვილი საჰაერო პარკი. სიგნალების
გამოსხივების სიხშირე 170 კჰც აღწევს. აქვთ მაღალგანვითარებული ცენტრალური ნერვული
სისტემა: დიდი ზომის სფერული თავის ტვინი,ძლიერ დანაოჭებული ნახევარსფეროები, რომელთა
ქერქი 30 მლტდ-მდე ნერვულ უჯრედს შეიცავს. დიდი ზომის თავის ტვინი საშუალებას აძლევს
გადაამუშაონ დიდი რაოდენობის აკუსტიკური თუ სხვა სახის ინფორმაცია. თუთიყუშების მსგავსად,
მათ შეუძლიათ ადამიანის მიერ თქმული სიტყვების გამეორება. გასაწვრთნელად და შესასწავლად
ჰყავთ დელფინარიუმებსა და ოკეანარიუმებში. ისინი ადვილად იწვრთნებიან. ამჟამად იკვლევენ
დელფინების ზოგი სახეობის მოშინაურების შესაძლებლობას.

დიანა კვაჭაძე