ცხენის გვარის (Equus)
ძუძუმწოვართა ჯგუფს მიეკუთვნება. გავრცელებულია აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში. მათი
სხეულის სიგრძეა 2-4მ, კუდისა 47-57სმ, სიმაღლე 1,2-1,4მ, წონა 350 კგ-მდე. სხეული
შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის, განსაკუთრებით
სავანებში. ფაფარი მოკლეა, კუდი გრძელი ბალნის ფუნჯით ბოლოვდება. განარჩევენ ზებრების
3 სახეობას: მთის ზებრა (Equus zebra), გრევის ზებრა (Equus
grevyi) და კვაგა (Equus quagga). ისინი მომთაბარე ცხოველები
არიან. ცხოვრობენ 10-30 სულიან ჯოგებად. ბინადრობენ ღია ველებზე (მთის ზებრა მთაში
ზოგჯერ 2000 მეტრზეც გვხვდება). იკვებებიან ბალახით. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება.
შობენ - 2 ნაშიერს. ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა
ძლიერ შემცირდა. ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია,
ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, მაგრამ ძნელად
თვინიერდებიან.
ზებრა ლომების, აფთრისებური ძაღლების, აფთრების, ლეოპარდებისა
და ნინაგებისთვის გემრიელი ლუკმაა. ზებრა საათში 55 კილომეტრ სიჩქარეს ანვითარებს,
თუმცა ზოგჯერ მას მტაცებლები იჭერენ.ზებრა რომ ზოგიერთი მტაცებლის მსხვერპლად არ იქცეს,
ჯოგის წევრები უნდა ფხიზლობდნენ და გაერთიანებულად მოქმედებდნენ. ღამე რამოდენიმე ზებრა
„გუშაგის“ როლს ასრულებს. თუ ზებრა მტაცებელს
დაინახავს მთელ ჯგუფს ფრუტუნით ამცნობს ამას. ხშირად, როდესაც ჯოგის წევრი ავად ხდება
ან მოხუცდება და სხვებს ნაბიჯს ვერ აყოლებს, ზებრები შეგნებულად უნელებენ სვლას ან
ელოდებიან, სანამ ის მათ დაეწევა. როდესაც საფრთხე ემუქრებათ, ულაყი უშიშრად დგება
ხოლმე მტაცებელ ცხოველსა და დედალ ზებრებს შორის და სანამ მტერს წიხლებს უშენს, სხვებს
გაქცევის საშუალებას აძლევს. ამ ოჯახურ ერთიანობასთან დაკავშირებით ნატურალისტმა ჰიუგო
ვან ლავიკმა გაიხსენა სერენგეტის ველზე ერთი საოცარი შემთხვევა, რომლის მოწმე თვითონ გახდა. აფთრისებური
ძაღლების ხროვა ზებრების
ჯოგს დაედევნა. ძაღლებმა გამოაცალკევეს ორი პატარა ზებრა. სხვა ზებრები გაიქცნენ, ამიტომაც
დედას და მის პაწიებს მარტოს მოუწიათ ბრძოლა. მათი აღსასრული გარდაუვალი იყო, თუმცა
უცბად გამოჩნდა ათი ზებრა, რომლებიც ერთ წამში გარს შემოერტყნენ მათ და ყველანი ერთად
გაიქცნენ ჯოგისკენ. ძაღლებმა კიდევ 50 მეტრი სდიეს, მაგრამ ჯოგის შიგნით შეღწევა ვერ
შეძლეს.
დედა ზებრა თავის ახალშობილ ნაშიერს ზედ ეფოფინება და
ჯოგის სხვა წევრებს მასთან არ უშვებს. განცალკევების პერიოდში პატარა ზებრა იმახსოვრებს
დედის შავ-თეთრი ზოლების განსაკუთრებულ მოხატულობას. შემდგომში, ის ყოველთვის ამოიცნობს
დედის ხმას, სუნს და ზოლებს. პატარები არ იბადებიან შავ-თეთრი ზოლებით, როგორებიც მათ
მშობლებს აქვთ. მათი ზოლები მოწითალო-მოყავისფროა და მხოლოდ დროთა განმავლობაში გაუშავდებათ.